პრემიერი: რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებას ვაგრძელებთ
ხელისუფლება რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებას აგრძელებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს არის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ის, რომ დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა, მრავალი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთან, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, განხორციელდა შესაბამისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმები და ინტენსიური მზადება მიმდინარეობს რიგის სამიტისთვის.
„მისასალმებელია, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ამ დროისათვის 19-მა სახელმწიფომ და ასევე ევროპარლამენტმა. ჩვენ ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო – ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ეტაპზე ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი წარმატებით გაივლის ამ პერიოდს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.