ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება ქართველ ჯარისკაცებზე ზრუნავს

ხელისუფლება ზრუნავს ქართველ ჯარისკაცებზე, რათა მათ ღირსეულად განაგრძონ სამსახური ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებისათვის – აღნიშნული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელფასები 20-25 პროცენტით გაიზარდა; თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების 350-მდე მრავალშვილიან თანამშრომელს დაენიშნა სახელფასო დანამატი; საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო ოჯახების ერთჯერადი კომპენსაცია გახდა 100 ათასი ლარი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები მიმდინარე წლიდან, 500-ის ნაცვლად, 1000 ლარს იღებენ. „ეს არის ის მცირედი, რითაც ჩვენ ვცდილობთ, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს პატივი მივაგოთ და გვერდში დავუდგეთ მათ ოჯახებს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, საქართველო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და 2015 წლიდან ვმონაწილეობთ შეკავშირებული ძალების ინიციატივის ფარგლებში არსებულ ნატოს საპასუხო ძალებში. პრემიერის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველო პირველად ჩაერთო ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მისიაში და ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას განაგრძობს.
„მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ ჩართულობას ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში, აგრეთვე კავშირების განმტკიცებას საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქმიანობენ ჩვენი თანამემამულეები“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები