ირაკლი ღარიბაშვილი: 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა
2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს მილიარდ 272 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 35 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს. “ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა. ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. 2014 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის მაჩვენებლის შემდეგ; ასევე, 2013 წელთან შედარებით 78 პროცენტით გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები; სულ ახლახან დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოუტანს”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20.5 პროცენტით, ევროკავშირთან – 76 პროცენტით, რუსეთთან კი – დაახლოებით 6-ჯერ 487.5 პროცენტით. “მესმის, რომ შეიძლება ჩვენი ოპონენტებისთვის ამის მოსმენა არ იყოს სასიამოვნო სუბიექტური მიზეზის გამო, მაგრამ ეს არის რეალობა. მთავარი ის არის, რომ ეს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს მთავრობის მეთაური.