ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა
ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა თავისი მესამე, მიმდინარე ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანგარიში მოიცავს ძალიან დადებით შეფასებას ევროკომისიის მხრიდან იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის, რომელსაც საქართველომ მიაღწია ძალიან მცირე პერიოდში. მისივე თქმით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ დაიცვა ის სამიზნე ამოცანები, რომელიც განსაზღვრული იყო სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპისთვის.
“საქართველო ძალიან ახლოს არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ძირითადი სამიზნე ამოცანების განხორციელებასთან, უსაფრთხო და მაქსიმალურად ეფექტური ფორმით. ამჟამად საქართველომ უნდა მოაგვაროს დარჩენილი რეკომენდაციების განხორციელების საკითხი მომავალი შეფასების ჩატარებამდე, რომელიც იქნება წლის ბოლოსკენ. მოგეხსენებათ, ევროკომისიის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეფასება ტექნიკური პროცესია და აქედან გამომდინარე, რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ევროკომისიის შეფასებით, სამიზნე ამოცანები სრულად შესრულდა ექვსი მიმართულებით. ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, ინტეგრირებული საზღვრის მართვა, ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა, იურიდიული თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებზე, მონაცემების დაცვა, გადაადგილების თავისუფლება და ასევე პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია სამგზავრო და იდენტიფიცირების დოკუმენტების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის რეკომენდაციები, რომლებიც სრულად შესრულდა. არის ასევე ის სამიზნე ამოცანები, რომლებიც თითქმის სრულად არის შესრულებული. ეს არის მინიმალური რაოდენობის და არის ოთხი მიმართულება. სადაც სამიზნე ამოცანები თითქმის შესრულებულია. ესენი არის მიგრაციის მენეჯმენტი, ფულის გათეთრება, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებს შორის და მოქალაქეების უფლებები”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისივე თქმით, რჩება ამოცანები, რომლებიც ნაწილობრივ არის შესრულებული, მაგრამ აქაც ძალიან კარგი პერსპექტივებია მათ დასასრულებლად.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ელჩმა აღნიშნა, რომ გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზადაა, გადმოსწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა იმ ნიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც წინამდებარე ანგარიშში და სამუშაო დოკუმენტშია აღწერილი.