პრემიერი: 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა გვაჩვენა, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება
2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა გვაჩვენა, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლებმა გეგმას 140 მილიონი ლარით გადააჭარბა, რაც ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალ დონეს ეფუძნება. პრემიერმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანია.
“მარტში 12.5 პროცენტით არის გაზრდილი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში: 2014 წელს პროდუქციის გამოშვება სამეწარმეო სექტორში გაიზარდა 12.8 პროცენტით, ხოლო ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა – 11 ათასი ადამიანით. სამშენებლო სექტორის აქტივობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 20 პროცენტით; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით რეგიონის მასშტაბით უკეთესი ვითარებაა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან პერიოდში მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისკენ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას, ადმინისტრაციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერის, სპეციალური პროექტების გზით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.