გერმანიის საგარეო უწყებაში საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი და გერმანელი ექსპერტები. შეხვედრაზე განხილული იქნა 2017 წლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ჯგუფს საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები უხელმძღვანელებენ. თამარ ბერუჩაშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჯგუფის პირველ შეხვედრას შეუერთდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამუშაო სხდომაზე დაიგეგმა 2017 წლის ფარგლებში ერთობლივი გერმანულ-ქართული ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის არის გამოფენები, კონცერტები, კინო-კვირეულები, სასწავლო-გაცვლითი პროგრამები, სპორტული ღონისძიებები, კონფერენციები და ფესტივალები.
ღონისძიებები ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. სამუშაო ჯგუფში შედიან: მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი, რომლის ახალი რომანი „Das achte Leben für Brilka“ გერმანიაში უდიდესი წარმატებით სარგებლობს; პიანისტი – საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილი; ცნობილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი; საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, პროფესორი ალიკო კარტოზია; პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის წარმომადგენელი, პროფესორი მანფრედ ნავროტი; გერმანიის საგარეო უწყების კულტურისა და მედიის დეპარტამენტის დირექტორი ანდრეას მაიცნერი; სამინისტროს საქართველოსთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი დიპლომატი ანდრეას ფონ ბრანდტი; ბერლინის სახელგანთქმული კინო ARSENAL-ის წარმომადგენელი შტეფანი შულტე შტრატჰაუზი; გერმანიის სასწავლებლების გაერთიანების საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, მაია ავრამოვკსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები