დავით სერგეენკო: EBRD-ის ფორუმით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კონტაქტებს ვამყარებთ
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო EBRD-ის ბიზნესფორუმის საქართველოში ჩატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
მისივე თქმით, ამ ტიპის ფორუმში მონაწილეობის მიღება ქვეყანაში არსებულ განსახორციელებელ პროექტებს სჭირდება.
“ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად მართავს შეხვედრებს. შეხვედრებზე თავს იყრის, როგორც ამ ბანკის ტოპმენეჯმენტი, ასევე ძალიან ბევრი ბიზნესმენი, პოტენციური ინვესტორი და, როგორც წესი, ასეთ შეხვედრებზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე ხდება მოლაპარაკება და კონტაქტების დამყარება. წელს ამ შეხვდრის მასპინძლობის პატივი საქართველოს ერგო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ზემოაღნიშნული EBRD-ის ბიზნესფორუმი საქართველოში მომავალ კვირას, 13-17 მაისს გაიმართება.