საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს – ვიდეო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება.
ვიზიტის მეორე დღეს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური შეხვედრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანც-ვალტერ შტაინმაიერთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან ქრისტოფ ჰოისგენთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რიგის მოახლოებულ სამიტს და მის მოსამზადებელ სამუშაოებს. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. გერმანიამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე შტაინმაიერმა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზეც ისაუბრა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პერსპექტივას ვიზალიბერალიზაციის პროცესში დადებითად აფასებს: „არ არსებობს საფუძველი ვიყოთ პესიმისტები“ – განაცხადა შტაინმაიერმა.
მისი თქმით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ პროცესში და სამუშაოები, რომელიც მან გაატარა უმაღლეს დონეზე იქნა შესრულებული: „არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს თავის შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას“, – განაცხადა ფრანც-ვალტერ შტაინმაიერმა.