ლუკაშენკო პატარკაციშვილთან და ბერეზოვსკისთან მინსკში საიდუმლო შეხვედრაზე ალაპარაკდა (ვიდეო)

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში აწ უკვე გარდაცვლილ ოლიგარქებთან – ბადრი პატარკაციშვილთან და ბორის ბერეზოვსკისთან საიდუმლო შეხვედრაზე საუბრობს. ტელეკომპანია „დოჟდის“ გადაცემა „სობჩაკი ცოცხლად“ ეთერში ლუკაშენკომ დაახლოებით 8-9 წლის წინ მინსკში გამართული შეხვედრის ზოგიერთ დეტალს იხსენებს. ზუსტ თარიღს ბელორუსიის ლიდერი არ ასახელებს. მისი თქმით, შეხვედრაზე „საქართველოს საკითხი“ იყო განხილული.
„ეს შეხვედრა ჩემი ინიციატივით არ გამართულა. ჯერ მინსკში ბადრი პატარკაციშვილი ჩამოვიდა და მითხრა, რომ ჩემთან ბორის ბერეზოვსკის სურდა შეხვედრა. ამის შემდეგ ჩამოვიდა ბერეზოვსკი. საუბრის ყველა დეტალს ვერ გაგანდობთ, რადგანაც იქ სხვა – მაღალი თანამდებობის პირებიც არიან ჩარეულები. შემიძლია გითხრათ, რომ საუბარი შეეხო საქართველოს და იქ მიმდინარე მოვლენებს. ეს არ იყო კონფლიქტების თემა. დანარჩენს კამერების გარეშე გეტყვით“, – ამბობს ლუკაშენკო. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ლუკაშენკოს შუამავლობაზე ბერეზოვსკის და რუსეთის ხელისუფლებას შორის, ის ამბობს, რომ ყველაფერი ზუსდადაც პირიქით იყო. „ეს შეხვედრა არც ჩემი და არც ბერეზოვსკის, არამედ რუსეთის ხელისუფლების ინიციატივით ჩატარდა. მეტს მე ვერ გეტვით“, – ამბობს ლუკაშენკო.
ბელუორუსიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას მშვენიერი ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და ის თბილისშიც ეპატიჟებოდა. თუმცა ლუკაშენკომ ამ ვიზიტზე უარი რამდენჯერმე უთხრა, რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინა.
„მე მინდა სააკაშვილს ბელორუსიის მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან აცხადებდა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის დამოკიდებულება ბელორუსიის და მისი ლიდერის მიმართ უსამართლოა. არ უნდა არსებობდეს სანქციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სააკაშვილს მე დღესაც სიამოვნებით შევხვდებოდი მისი სურვილის შემთხვევაში“, – ამბობს ლუკაშენკო. რაც შეეხება ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალებას, ალექსანდრე ლუკაშენკოს არ სჯერა, რომ ბერეზოვსკიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „მას იმდენად უყვარდა სოცოცხლე, რომ ეს, ჩემი აზრით, ყოვლად შეუძლებელია“, – აცხადებს ბელორუსიის ლიდერი ტელეკომპანია „დოჟდის“ გადაცემაში „სობჩაკი ცოცხლად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები