შალვა პაპუაშვილი: „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერა აქვს – ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები პირდაპირ თავს დაესხნენ საპატრიარქოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერა აქვს.

როგორც მან საქართველოს პირველი არხის ეთერში აღნიშნა, ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ პირდაპირ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„გუშინ საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს განცხადება იყო კანონთან დაკავშირებით და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თუკი რაიმე კანონი არის ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში მიღებული, „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი არის ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერის მქონე კანონი, რომელსაც მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს, როგორც თავისი გამოსვლით 17 მაისს, მხარი დაუჭირეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რომელიც რეფერენდუმად გამოაცხადეს, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოში მოქმედმა ყველა ტრადიციულმა რელიგიურმა კონფესიამ და, რა თქმა უნდა მხარი, დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. როგორც იტყვიან – ერიც და ბერიც ამ კანონს უჭერს მხარს, ყველაზე დემოკრატიული მხარდაჭერის მქონე კანონი არის და მაინც და მაინც ამ კანონის გაუქმებას ითხოვს ევროკავშირის ელჩი, თან ისე, რომ განმარტებებს არ აკეთებს.

საპატრიარქომ გუშინ განცხადება გააკეთა, რომლითაც თქვა, რომ ის, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს, ეთანხმება და გაკვირვებული არიან, რომ ევროკავშირი ითხოვს ამის გაუქმებას. ვნახეთ თავდასხმები, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირს რაიმე განმარტება გაეკეთებინა, ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გამოვარდნენ და პირდაპირ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს. მაგალითად, დღეს ვნახეთ ერთ-ერთი „ენჯეოს“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც პირდაპირ რომ წაგიკითხოთ, ორ რამეს ამბობს. ერთი, თითქოს ეს საკითხი რომ პატრიარქთან შეთანხმებული იყო და ძალიან კარგად იცოდა, თანასწორობის უფლების აღიარებას რომ ითხოვდა ევროკავშირი, გავლილი და შეთანხმებული იყო. ანუ, ის, რაც ჩვენი კანონით არის აკრძალული, ბაღებში და სკოლებში პროპაგანდა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლის დასაშვებობა, თურმე ეს, ამ „ენჯეოს“ განცხადებით, შეთანხმებული ყოფილა პატრიარქთან.

მეორე – ჯერ ხომ პრორუსული კლიშეები შემოაქვთ კვლავ და თან ევროკავშირის საელჩოს დაფინანსებული „ენჯეო“ გვეუბნება ჩვენ, ქართველ ხალხს, რომ საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრე არ წარმოადგენს ეკლესიას და ქალბატონი თამთა მიქელაძე წარმოადგენს საქართველოს ეკლესიას. ის გველაპარაკება მისი სახელით, თუ როგორ უნდა გავიგოთ. ისევე, როგორც ბექა მინდიაშვილი, მეორე პერსონაჟი, რომელიც ცნობილია თავისი თავდასხმებით ეკლესიაზე. მთელი აბსურდი სიტუაციისა ის არის, რომ მისი „ენჯეო“ არის „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”, ყველაზე არატოლერანტული ადამიანი საქართველოს ეკლესიის მიმართ, რომელიც მეუფე შიოს, არა მეუფე შიოთი, არამედ სახელით მოიხსენიებს და სხვა მეუფეებს სახელებით მოიხსენიებს, ევროკავშირის საელჩოს დაფინანსებულია ორივე „ენჯეო“. ამის სითამამე მაინც ეყოთ, წერილებს რომ წერენ, გამოვიდეს ევროკავშირის ელჩი და თქვას – უნდა გაუქმდეს თუ არა ის აკრძალვები, რომლებიც ამ კანონში არის და რა არის მისთვის მიუღებელი ამ კანონში. ნაცვლად ამისა, სცენაზე გამოიყვანეს ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი „ენჯეოები“, რომლებიც პირდაპირ დაესხნენ თავს ეკლესიას.

ამის შემდეგ კი, ნამდვილად ევროკავშირის ელჩს მოუწევს განმარტების გაკეთება, ვინაიდან ეს არ არის არც თამთა მიქელაძის და არც ბექა მინდიაშვილის თვითშემოქმედება. ეს არის პირდაპირ სანქცირებული ევროკავშირის საელჩოს და ელჩის მხრიდან. ის აფინანსებს ორივე ამ ორგანიზაციას და არაერთხელ გამიფრთხილებია მე ყველა და ვინც აფინანსებს, ის არის პასუხისმგებელი. ახლა აიღოს ამ სიტყვებზე პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს სიტყვები არის პირადად მისი ლეგიტიმაციით მიცემული. თუკი არ გაემიჯნება, გამოდის, რომ ეს არის პირდაპირ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. მოვუწოდებ და მივმართავ, ეს, უპირველეს ყოვლისა, მათთვის არის მნიშვნელოვანი. როგორც იქცეოდნენ, მათ შორის საელჩო და პირადად ელჩი როგორც იქცეოდა, რომ ერეოდა ქართველი ხალხის ნების ფორმირებაში, ამის ბრალია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები