შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, რასაც ახლა ევროკავშირი აკეთებს, აბსურდია, რადგან საკუთარი თავით გვაშინებს

ევროპარლამენტში იმდენი კორუფციული სკანდალი გასკდა, ხან ვის უპოვეს ოქროს ზოდები და ხან ვის უპოვეს ევროები სახლში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვნახეთ, საბოლოო ჯამში, კორუფციის რა დონე არის მათ შორის, ევროპარლამენტში და სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურაში”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ის „ენჯეოები“, რომლებიც საქართველოში არ აღიარებენ კონსტიტუციას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებს, ხელისუფლებას, კანონმდებლობას, ყველა ფინანსდება ევროკავშირისგან.

„ერთს გეტყვით, როგორ ეწყობა ეს ყველაფერი და როგორ ამუშავებენ „ენჯეოებს“, იყო წერილი ვიზალიბერალიზაციის საფრთხესთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, შანტაჟი, ევროკავშირის ელჩის განცხადება, ორი დღეც არ არის გასული და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უკვე გამოაცხო დამაშინებელი ვიდეო, რა უბედურებები მოხდება, თუკი სავიზო რეჟიმი შემოიღეს. ევროკავშირის საელჩო ერთი მხრივ, იწყებს შანტაჟს თემით და შემდეგ, ფულს აძლევს „ენჯეოებს“ ამ პროპაგანდის საწარმოებლად, თუ რა კოშმარია ევროკავშირის ბიუროკრატი, ვიზა თუ დაგჭირდება, დაგტანჯავს, დაგამცირებს, სიცივეში დაგაყენებს და არაკანონიერად მოგექცევა იმისთვის, რომ ვიზა მოგცეს. ფაქტობრივად, რასაც ახლა ევროკავშირი აკეთებს, აბსურდია, რადგან საკუთარი თავით გვაშინებს. ანუ, ევროკავშირი იმდენად ცუდია, დაგვსჯის იმის გამო, ხომ არ ავირჩიეთ ქართველმა ხალხმა ის პარტია, რომელზეც მისი ელჩი მიგვითითებდა და მეორე, ვიზის გაცემა თუ იქნება საჭირო, დაგვტანჯავს, გვაწამებს, არაადამიანურად მოგვექცევა; იმის უნარიც არა აქვთ, საქართველოს იუსტიციის სახლისმაგვარი სერვისი მისცენ მოქალაქეებს, იმდენად განუვითარებელი გამოდის ამ შემთხვევაში ევროპული სერვისები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები