თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა და განაცხადა, რომ ახალ ამპლუაში ირაკლი ღარიბაშვილთან პირველ შეხვედრას გამართავს. “შევთანხმდით, რომ დღეს დილიდან ბატონ მინდია ჯანელიძესთან გავივლიდი ძირითად მონახაზს, მთავარ თემებს, სასწრაფო საკითხებს, დაგეგმილ ვიზიტებსა და ასე შემდეგ და ამის მერე მოვიდოდი პრემიერ-მინისტრთან”, – განაცხადა ხიდაშელმა.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პირველ აუდიენციას მთავრობის ახალ წევრთან, ხიდაშელთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძეც დაესწრებოდა, არ დადასტურდა.
როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, მინდია ჯანელიძე დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება.
“პირველ შეხვედრაზე მე და პრემიერმა, ალბათ, ჯერ პირისპირ უნდა ვისუბროთ. რაც შეეხება ბატონ მინდიას, მე მასთან ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებ თანამშრომლობას, როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან. მოგეხსენებათ, ის დაბრუნდა ამ თანამდებობაზე”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში თინა ხიდაშელის გარდა, უკვე იმყოფება გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი. პრემიერთან შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრობის კანდიდატ ტარიელ ხეჩიკაშვილსაც ელოდებიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კი მთავრობის ადმინისტრაცია უკვე დატოვა.