გიორგი კახიანი: არაფერი შეიცვლება, პრეზიდენტის ერთკვირიანი ვადა არაფერში გვჭირდებოდა

 

„მთავრობაში არანაირი ცვლილება არ განხორციელდება და პრეზიდენტს ერთი კვირის შემდეგაც იგივე შემადგენლობა წარედგინება, რაც უკვე წარუდგინეს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცედურებს თეორიულად შესაძლოა, სამი ტიპის განვითარება მოჰყვეს, თუმცა დღეს მთავრობის წევრები, კახიანის განმარტებით, მოვალეობის შემსრულებლებად არ ითვლებიან.

კახიანმა სამართლებრივ საფუძველს მოკლებული უწოდა პრეზიდენტის განცხადებას დამტკიცების პროცესის ერთი კვირით გადადების შესახებ. მისი თქმით, პარლამენტს კანონით ეს ვადა ისედაც ჰქონდათ და  ეს საჭირო რომ ყოფილიყო, ისედაც გამოიყენებდნენ.

„ამ საკითხზე არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება. მთავრობა ჩვეულებრივად ახორციელებს თავის ფუნქციებს, ერთადერთი, რაც დღის წესრიგში დადგა, ეს არის მისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი. ეს არ არის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა. მიმდინარე პროცესებს თეორიულად 3 გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს. ერთი ის, რომ ვერ მიიღოს ნდობა წარდგენილმა შემადგენლობამ, მეორე შემთხვევაში მთავრობის ახალი შემადგენლობა ფორმირდება და მესამე შემთხვევაში ხდება პარლამენტის დათხოვნა. თუ თეორიულად მოხდა ისე, რომ მთავრობის წარდგენილმა შემადგენლობამ ვერ მიიღო ნდობა, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი აღარც პარლამენტის წევრები იქნებიან და აღარც მინისტრები. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად, რადგან მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც პრემიერმა წარადგინა, უმრავლესობის მოწონებით სარგებლობს და ჩვენ ამ შემადგენლობას ნდობას გამოვუცხადებთ. ყველაფერი იყო შეჯერებული და გადაწყვეტილი და პარლამენტს ეს ერთკვირიანი ვადა არ სჭირდებოდა, თეორიულად ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ეს პროცედურები ორ დღეში დაგვესრულებინა. პრეზიდენტის განცხადება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კანონით ისედაც გვქონდა ერთკვირიანი ვადა და რომ დაგვჭირვებოდა ეს ვადა, ისედაც ვისარგებლებდით“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები