დიმიტრი ხუნდაძე: სასწრაფო გადაუდებელი სამსახური ყველაზე სასწრაფოდ მოსაწესრიგებელი რგოლია
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას მოუსმინეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ სასწრაფო გადაუდებელი სამსახური ეს არის ყველაზე სასწრაფოდ მოსაწესრიგებელი რგოლი.
„სასწრაფო სამედიცინო მომსახურება – ეს არის ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლი, მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სოციალური უზრუნველყოფა. სასწრაფო გადაუდებელი სამსახური ეს არის ყველაზე სასწრაფოდ მოსაწესრიგებელი რგოლი და, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.
შეგახსენებთ, პარლამენტის რეგლამენტით გაწერილია კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია, ისევე, როგორც საკანონმდებლო, კომიტეტის იურისდიქცია ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩართულობა აუცილებელია“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.