პრემიერ-მინისტრმა იმერეთში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

სამთავრობო პროგრამის – “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც მან ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში 31 მილიონამდე ლარის ოდენობის 1220 სესხია გაცემული.
“2 წლის განმავლობაში რეგიონში გადაიარაღებულია 50 საწარმო. ძალიან წარმატებულად ჩატარდა საგაზაფხულო სამუშაოები ბოლო ორი წლის განმავლობაში. 150 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება სახელმწიფოსგან, მილიონობით ლარის სარგებელი”, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა ასევე იმ აგროდაზღვევის პროექტზე ისაუბრა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.
მისი თქმით, ამ პროექტის საშუალებით პირველად საქართველოში ფერმერებს საკუთარი მოსავლის დაზღვევის საშუალება მიეცათ და ეს რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.
“ჩვენ გავეცით 7 პოლისი, რაც რეგიონისთვის ძალიან ცოტაა. ასე რომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ გაქვთ ამის უნიკალური შესაძლებლობა და ამის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამავე შეხვედრაზე პრემიერმა ანდაცვის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაბა ხარაგაულში ახალი ამბულატორია გაიხსნა, ასევე 12 რაიონულ ცენტრს 36 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადაეცა, გასულ წელს კი 12 ახალი ამბულატორია გაიხსნა.
“დაბა ხარაგაულში ახალი ამბულატორიის გვერდით იწყება ახალი 15-საწოლიანი კლინიკის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები