ირაკლი ღარიბაშვილი “ცივ ტბაზე” მოწყობილ ინფრასტრუქტურას გაეცნო

წყალტუბო არის უნიკალური, საყოველთაოდ აღიარებული კურორტი და ჩვენ გვაქვს მისი გრძელვადიანი განვითარების გეგმა, – აღნიშნული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში განაცხადა, სადაც “ცივ ტბაზე” მოწყობილ ინფრასტრუქტურას გაეცნო. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წყალტუბოს მიმართ ინვესტორთა ინტერესი დღითიდღე იზრდება და კურორტით უკვე ფრანგული კომპანია “ვიში” დაინტერესდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილის დავალებით, საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს განვითარების პერსპექტივა შეისწავლა და რამდენიმე საინვესტიციო პროექტზე ინტერესთა გამოხატვაც უკვე გამოცხადებულია.
“დარწმუნებული ვარ, წყალტუბო გახდება ერთ-ერთი საამაყო კურორტი, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ – რეგიონში”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, „ცივი ტბის“ ტერიტორიაზე აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები – კაფე და პირსი, ნავების პირსი, საცურაო აუზები საჭირო ინფრასტრუქტურით, ბუნგალო, 2 საფეხმავლო ხიდი, დამონტაჟდა წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების ქსელი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტბიდან გამყვან არხებს – დანალექი გრუნტისგან გაიწმინდა და გაიმართა 2 ჰიდროკვანძი.
ასევე, „ცივი ტბისა“ და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი ქსელი და განახლდა და გასუფთავდა მწვანე საფარი.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასევე წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია და ცენტრალური პარკისა და „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ ობიექტებთან წყალსადენი ქსელი მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები