ვინ შეძლებს ჩილეში უვიზოდ მგზავრობას – მთავრობა განმარტებას აკეთებს

„საქართველოს მთავრობასა და ჩილეს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების შესახებ“ შეთანხმება, მიმდინარე წლის 1 მაისიდან შედის ძალაში.

შეთანხმების თანახმად, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეების ჩილეს რესპუბლიკაში უვიზოდ მგზავრობა შეეძლებათ.

საგარეო უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 21 აპრილს ჩილეს მხარემ ქართულ მხარეს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესასვლელად შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე ოფიციალურად შეატყობინა.

შეთანხმებას 2013 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ სანტიაგოში ჩილეს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა სეხნიაშვილის (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

„საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის ივნისის თვეში კი ქალაქ სანტიაგოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები