„მაღალმთიანი რეგიონებისთვის სოციალური და საგადასახადო ხასიათის შეღავათები დაწესდება“
მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ახალ კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ქუცნაშვილის განმარტებით, მთის რეგიონებს და იქ მაცხოვრებლებს გარკვეული ტიპის შეღავათები დაუწესდებათ. „კანონპროექტი გადის სამთავრობო უწყებების მხრიდან ვიზირებას. ვეოდებით, რომ მთავრობა იმ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რის შემდეგაც ის პარლამენტში იქნება ინიცირებული. ვგეგმავთ, რომ აპრილი – მაისის თვეში განხილვა – მიღების პროცედურები ვაწარმოოთ, რომ ახალი წლიდან მაღალმთიანი რეგიონებისთვის ახალი კანონი ამოქმედდეს. ჩვენ ვალდებულები ვართ მაღალმთიან რეგიონებს განვითარებისათვის შეღავათიანი პირობები შევუქმნათ. ჩვენ გვინდა მათთვის ორი ტიპის სოციალური და საგადასახადო ხასიათის შეღავათები დავაწესოთ. სოციალური შეღავათის მიზანია ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების დამაგრება და მათთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება. ხოლო საგადასახო შეღავათების შემოღების მიზანია, წავახალისოთ დამატებითი ღირებულების შექმნა. იმედს ვიტოვებთ, რომ შეღავათები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და იმ სიღარიბის დაძლევას გამოიწვევს, რაც მაღალმთიან რეგიონებშია. ეს შეაჩერებს ურბანიზაციის და მთის დაცლის პროცესს“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.