ქუცნაშვილი: საქართველოს 1 300 000 მოქალაქეს სახელმწიფო უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს
„საქართველოში 15 აპრილიდან იურიდიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, ჯამში საქართველოს 1 300 000 მოქალაქეს იურიდიულ დახმარებას სახელმწიფო გაუწევს“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქუცნაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია. იურიდიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა გადახდის უუნარო მოქალაქეებს და მათთან ერთად შემდეგი კატეგორიის პირებს ეხებათ: „დედ-მამით ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, 70 000 -ზე დაბალი ქულების მქონე მოქალაქეებს. სიღარიბის ზღვარი 57 000 ქულაზე გადის, მაგრამ ამ პროგრამისთვის 70 000 ზღვარი მოქმედებს. ჯამში 1 300 000 მოქალაქე იურიდიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს. რეგიონალური ბიუროები საქართველოს ყველა რეგიონში გავხსენით. მოქალაქეებს დახმარება შეუძლიათ მიიღონ ისეთ დარგებში, როგორიც არის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი. იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის კონტროლქვეშ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ქუცნაშვილის განმარტებით, იურიდიული დახმარება გულისხმობს ზეპირ თუ წერილობით კონსულტაციას, სარჩელის, განცხადების, საჩივრის, შუამდგომლობის შედგენას. ასევე, დეპუტატის განმარტებით, ეს დახმარება რთული საქმეების შემთხვევაში სასამართლოში წარმომადგენლობასაც გულისხმობს. დეპუტატის თქმით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზეც ვრცელდება.