საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 22-24 აპრილს, მონტენეგროს ეწვევა.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, რანკო კრივოკაპიჩს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრების სამუშაო შეხვედრები მონტენეგროს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.
23 აპრილს დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვედრებს მონტენეგროს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, პრემიერ მინისტრთან, მილო დუკანოვიჩთან და შინაგან საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, რასკო კონევიჩთან გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები მონტენეგროს ძველ სამეფო დედაქალაქ ცეტინიას და სხვადასხვა კულტურულ ღირსშესანიშნაობას მოინახულებენ.
მონტენეგროში გამგზავრებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მასმედიისთვის კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ვართ, გარკვეულწილად, პარალელურ რეჟიმში ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. გვექნება, პირველ რიგში, ამ თემებზე საუბარი. შესაძლოა, ტემპები იყოს განსხვავებული ნატო-ში ინტეგრაციის, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდეს. ამიტომ, მონტენეგროს პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც, რომ არ გაძლიერდეს იმ ტიპის სენტიმენტები, რომელიც ხანდახან გაისმის ხოლმე, რომ ნატო-ს გაფართოების პროცესი, შესაძლოა, შექმნილ ვითარებაში, არ არის ყველაზე სწორი ნაბიჯი. მეორე, ესაა უკვე ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და ევროპასთან ურთიერთობის საკითხები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, დავით უსუფაშვილთან ერთად, თედო ჯაფარიძე და ფრიდონ საყვარელიძე შედიან. დელეგაცია საქართველოში 24 აპრილს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები