ირაკლი ღარიბაშვილი: გურჯაანის მოსახლეობამ „ნაციონალებს“ აბსოლუტურად სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა
პრემიერ-მინისტრი გურჯაანის რაიონის გამგეობის შენობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალურ მოძრობას” გურჯაანის გამგეობის მუშაობაში ჩარევაში ადანაშაულებს და მუნიციპალიტეტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს აღმაშფოთებელ ფაქტს უწოდებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაუშვებელია, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები ბედავენ რაიონის გამგეობაში მისვლას და მისი პარალიზებას.
“სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ლიდერები მთელი შემადგენლობით ჩავიდნენ გურჯაანში. ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ ე.წ. ოპოზიციის წევრები ბედავენ და მიდიან რაიონის გამგეობაში. ყოვლად დაუშვებელია ის, რაც მათ გააკეთეს – მოახდინეს გამგეობის მუშაობაში პიდაპირი ჩარევა და ჰქონდათ მისი პარალიზების მცდელობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ იგი კვერცხების სროლის წინააღმდეგია, მაგრამ “ნაციონალებს” ადგილობრივმა მოსახლეობამ “სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა”. “მე ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა “ნაციონალებს” გურჯაანის მოსახლეობამ. ადეკვატური იყო თავად გურჯაანის გამგეობისა და გამგებლის ქმედება, რომელმაც აბსოლუტურად კანონის დაცვით მიმართა დეპუტატ ღვინიაშვილს, რომ გამგეობა დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ის, როგორ განვითარდა მოვლენები – ვგულისხმობ კვერცების სროლას და ა.შ”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერ – მინისტრის განცხადებით, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ ქართველი ხალხი არასდროს აღარ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” რაიმე პროვოკაციულ ქმედებას. “ძალიან გთხოვთ, ყველამ კარგად დაიმახსოვროთ, რომ ქართველი ხალხი არასდროს აღარ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის”, ამ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას და მას ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას იმსახურებდა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გურჯაანის რაიონის მუნიციპატიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შევიდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონის საპარლამენტო დეპუტატმა ერთ-ერთი კაბინეტი თვითნებურად დაიკავა, რასაც გურჯაანის რაიონის გამგებლის რეაქცია მოჰყვა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა.