კოჟორიძის ვარაუდით, ათონელის რეზიდენციის საკითხის გააქტიურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება
ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლის საკითხის გააქტიურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია. კოჟორიძემ ჟურნალისტებს 2014 წლის ივლისით დათარიღებული წერილი წარუდგინა, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის თაობაზე საქართველოს მთავრობას ინფორმაციას აწვდის. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იცოდა და ამიტომაც მოხდა ათონელზე მდებარე შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა.
“ჩნდება კითხვა, დღეს ეს საკითხი რატომ გახდა კვლავ აქტუალური, როცა ერთი თვის წინ ათონელზე მდებარე რეზიდენცია შეტანილი იყო საპრივატიზაციო ნუსხაში, ანუ მთავრობამ იცოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რჩებოდა ავლაბრის რეზიდენციაში და სწორედ ამიტომაც გადაწყდა მისი პრივატიზაცია. მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავრობა ბევრად ადრე იყო ინფორმირებული პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. ამის დასტურად წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილს, რომელიც 2014 წლის ივლისშია გაგზავნილი მთავრობისთვის იმის დასტურად, რომ პრეზიდენტი ნამდვილად აპირებდა ამ რეზიდენციაში დარჩენას. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ დღეს ამ საკითხის კვლავ გააქტუალურება უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენას, რასაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჰქვია პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია. ვვარაუდობთ იმასაც, რომ ეს საკითხი დღეს აქტუალური არ გახდებოდა, პრეზიდენტს რომ თავის დროზე ასეთი ხასიათი არ გამოევლინა”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხედავს თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობის უკან უშუალოდ მთავრობას, პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათი მხრიდან ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა სწორად არ მიაჩნია და უმჯობესი იქნება, თუკი დასკვნას თავად საზოგადოება გააკეთებს. “გამიჭირდება, კონკრეტულად ვთქვა, რომ მთავრობის მიზანია პრეზიდენტის დისკრედიტაცია. მე არ ვიტყვი იმას, რომ ეს მთავრობის მიზანია, მაგრამ პროცესები, ქმედებები, კონკრეტული ფაქტები ამ მიმართულებით მიდის. არის თუ არა ეს მიზანმიმართული კამპანია, ამაზე ალბათ ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი ცალსახა პასუხების გაცემა, დასკვნები გამოიტანოს საზოგადოებამ, რომელსაც, ვფიქრობ, საკმარისი ინფორმაცია აქვს იმისთვის, რომ ანალიზი გააკეთოს”, – აღნიშნა კოჟორიძემ.