საქართველოს მთავრობა სივრცითი მოწყობის გენერალურ სქემაზე მუშაობს
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს სივრცითი მოწყობის სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი კომისიის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“-ის შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა.
“საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემის შემუშავებისას მოხდება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგიის გაერთიანება, ანალიზი და ერთიან კონტექსტში განხილვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით კარგად ფუნქციონირებადი სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ურბანული სისტემების ჩამოყალიბებას, მასშტაბური საინვესტიციო და განვითარების პროექტებისათვის ძირითადი პრიორიტეტების დასახვას, ძირითადი საკურორტო, სარეკრეაციო, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განსაზღვრას, კონკურენტუნარიან და ინოვაციურ განვითარებას, შიდა და რეგიონალურ თანამშრომლობის განვითარებას და სხვა“,-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.