“პრეზიდენტს მიწერილი აქვს ოფიციალური წერილი, რომ იგი რჩება ავლაბრის რეზიდენციაში”

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ის არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეცვალა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით. “მე ვერ გეტყვით, სამწუხაროდ. ეს ჯობს ადმინისტრაციას ჰკითხოთ. მე რამდენადაც ვიცი პრეზიდენტს მიწერილი აქვს ოფიციალური წერილი, რომ იგი რჩება იმ რეზიდენციაში, სადაც დღეს არის, ანუ ავლაბრის რეზიდენციაში”, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა ათონელის რეზიდენციის მდგომარეობით და შავლიაშვილს ინფორმაციის წარდგენა სთხოვა.
პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. მინისტრის ცნობით, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში და ის გარემონტდა, როგორც პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენცია. როგორც დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, შენობის რემონტის პროცესში, სამინისტროს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული. მომდევნო ეტაპი რეზიდენციის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას გულისხმობს, რის შემდეგაც მის ფუნქციაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები