ლევან მამალაძე: მშვიდობა სააკაშვილისთვის დამღუპველია, მას ომი აწყობს
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ამერიკული იარაღის შეტანის მთავარი ლობისტია, – ამის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კურირებს უკრაინაში ამერიკული საბრძოლო ტექნიკის შეტანას, რაც კერძო კომპანიების მეშვეობით იგეგმება.
“მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ამერიკული იარაღის შეტანის მთავარი ლობისტია. მას ამერიკელი ჩინოვნიკები შეწუხებული ჰყავს. ასეული მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო ტექნიკის მიწოდება კერძო კომპანიების მეშვეობით იგეგმება. ამიტომ ეწევა საომარი მოქმედებების განახლების პროპაგანდას“, – აღნიშნავს ყოფილი გუბერნატორი.
მამალაძის თქმით, სააკაშვილს უკრაინაში ომი აწყობს, რადგან სიტუაციის დასტაბილურების შემთხვევაში კიევის მთავრობაში მის ყოფნას საფრთხე დაემუქრება. ,,მიშას უკრაინის ბედი არ აინტერესებს, შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ომმა 6 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მშვიდობა სააკაშვილისთვის დამღუპველია, ამ შემთხვევაში მისი საჭიროება დაიკარგება და უკრაინიდან გამოაბუნძულებენ. სამთავრობო კულუარებში ე.წ. ქართული დესანტის მოშორებაზე უკვე აქტიურად მსჯელობენ“,- განაცხადა ლევან მამალაძემ.