დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით კიევში მიემგზავრება

საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 აპრილს უკრაინის დედაქალაქში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები უკრაინის უმაღლეს რადაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ. დავით უსუფაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის და მისი უკრაინელი კოლეგის, უმაღლესი რადას თავმჯდომარის, ვლადიმერ გროისმანის შეხვედრა, რომელზეც მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკანონმდებლო ნაწილზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. უმაღლეს რადაში სტუმრობისას ქართველი კანონმდებლები საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფის წევრებსაც შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია უმაღლესი დონის შეხვედრას ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, არსენ იაცენიუკთან გამართავს. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ კი, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებებს, ორმხრივ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს და უკრაინის კრიზისის საკითხებს განიხილავენ. ოფიციალური შეხვედრების პარალელურად საპარლამენტო დელეგაცია უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურულ ეროვნულ ნაკრძალს მოინახულებს. ქართველი კანონმდებლები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვევიან და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები