დავით ნარმანია ოლიმპიური ობიექტების დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოლიმპიური ობიექტების დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფრომაციით, აქციის ფარგლებში სამშენებლო ნარჩენებისგან დასუფთავდა დიღომში არსებული ოლიმპიური კომპლექსის ტერიტორია. აქციაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი – 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები, სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ტერიტორია წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული. დავით ნარმანიას თქმით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და დასუფთავების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, ასევე, ეტაპობრივად სრულდება ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა. დასუფთავების აქციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. ადგილზე, ასევე, განთავსდა 50-მდე ნაგავშეკრები კონტეინერი. თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ: ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი – 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ დარჩია, „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორი დავით დოლიძე და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი.