რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს შეუძლია იამაყოს შემწყნარებლობის საუკუნოვანი ისტორიული ტრადიციით

“ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანისთვის მისი უფლება აღმსარებლობისა თუ განათლების იყოს უზრუნველყოფილი“, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე “ბათუმის საერთაშორისო ფორუმი – რელიგია და მშვიდობა” განაცხადა.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუმარტა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში რელიგიათა შორის დიალოგი უმნიშვნელოვანესია.
რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, უნდა გაორმაგდეს ძალისხმევა, რომ აღმსარებლობისა და განათლების უფლება იყოს უზრუნველყოფილი.
“ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანისთვის მისი უფლება აღმსარებლობისა თუ განათლების იყოს უზრუნველყოფილი. საქართველო სწორედ ამას უჭერს მხარს და ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ამაში. მინდა მივულოცო “საქართველოს მუსლიმთა კავშირს” ამ ძალზედ მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზება ასეთ მნიშვნელოვან დროს. რელიგიათაშორის დიალოგი უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით ამ პერიოდში მაშინ, როცა საქართველო გახლავთ ნაწილი ამ დიალოგისა, რომელიც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს ნამდვილად შეუძლია იამაყოს იმ შემწყნარებლობის საუკუნოვანი ისტორიული ტრადიციით, რომელიც მას აქვს და რომელიც არის მოდელი მშვიდობიანი თანაარსებობისა სხვადასხვა რელიგიურ წარმომადგენლებს შორის”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
აღნიშნული კონფერენცია წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულს ეძღვნება და მიზნად ისახავს რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებასა და რელიგიების როლის წარმოჩენას მშვიდობის საკითხში. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: “მედიის როლი რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში”.
ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე სასულიერო პირები, თეოლოგები, ჟურნალისტები და სხვა სფეროების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები