ექსპერტი სოსანაშვილის ადვოკატს პასუხობს: ექსპერტიზით დადგინდა, რომ აფეთქება F1 ტიპის ხელყუმბარით მოხდა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატის ბრალდებას, რომ ვაზაგაშვილის აფეთქება საქმეში არსებული ასაფეთქებელი საშუალებით არ მომხდარა, ვაზაგაშვილების ოჯახის მიერ საქმეში მონაწილე ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი გამოეხმაურა.
როგორც ალთუნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, არარეალური და ზღაპარია, თითქოს F1 ტიპის ასაფეთქებლის აფეთქების დროს შედეგი დამანგრეველი იქნებოდა. ექსპერტმა აფეთქების სახეები და ასაფეთქებელი ნივთიერების შესაძლებლობები მედიისთვის დეტალურად განმარტა და სოსო ჯოგლიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ექსპერტმა გამორიცხა ადვოკატის ვარაუდი, რომ აფეთქება შესაძლოა, დისტანციური საშუალებით მოხდარიყო.
„სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს F21 ტიპის ასაფეთქებლის აფეთქება გარშემო ყველაფერს დაანგრევდა, ზღაპარი და ჰოლივუდური სცენარია. პრაქტიკიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ F1 ტიპის ხელყუმბარის ეფექტური მოქმედება 7-10 მეტრია. მტკიცებულებები ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაიგზავნა. გამოკვლევის და ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ აფეთქება F1 ტიპის ხელყუმბარით მოხდა.
ხელყუმბარის შემადგენელი ნაწილია რამდენიმე დეტალი. ადვოკატი ე.წ. ფალიაზე საუბრობს, სადაც წარწერა ინგლისური შრიფტით არის შესრულებული. ხელყუმბარა შედგება ასაფეთქებელი კორპუსისაგან, რომელშიც მოთავსებულია ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი და ხელყუმბარა ვერ აფეთქდება, თუ არ მოხდება მისი ინიცირება.
აფეთქება შეიძლება რამდენიმე ხერხით მოხდეს, არსებობს ცეცხლოვანი აფეთქება და დეტონაციის შედეგად განვითარებული და ელექტრონული აფეთქება. ცეცხლოვანი აფეთქების დროს თავისი თანმხლები ფაქტორები რჩება იქ, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ვერ იქნა აღმოჩენილი.
ადგილზე აღმოჩენილი ვერ იქნა დისტანციური მართვის დამახასიათებელი დეტალები, რაც ადასტურებს იმას, რომ დისტანციური აფეთქება არ ყოფილა. აფეთქება მოხდა სწორედ ფალიის საშუალებით და ის, რომ მასზე ლათინური შრიფტით არის წარწერა, არ ცვლის, ეს ხელყუმბარა F1 საბჭოთა წარმოების ხელყუმბარაა. მასზე ასაფეთქებელი საშუალება არის ფალია, რომელიც მრავალ ქვეყანაში იწარმოება, მათ შორის რუსეთში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, აფრიკაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში…
ამიტომ წარმოების დროს იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნისთვის გასაგზავნად არის განკუთვნილი ეს მოწყობილობა, შესაძლებელია, წარწერა ინგლისურ ენაზე იყოს გაკეთებული. ეს ხელყუმბარა ლითონის თუჯის კორპუსია, რომელშიც მოთავსებულია 60 გრამი ტროტილი და მისი ინიცირება სწორედ ფალიით ხდება. პრაქტიკიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ F1 ტიპის ხელყუმბარის ეფექტური მოქმედება 7-10 მეტრია. მისგან წარმოქმნილი ნამსხვრევების 60 % ძალიან წვრილ ფრაგმენტებად იშლება, რომელსაც არ შეუძლია სიცოხლისთვის საშიში იყოს, აქედან საშიში მხოლოდ დარჩენილი 40%, რომელიც საშიშია მხოლოდ 7-10 მეტრის რადიუსში“,- აღნიშნა ზაზა ალთუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები