სოსანაშვილის ადვოკატი: ვაზაგაშვილი იმ ხელყუმბარით არ არის აფეთქებული, რომელიც საქმეშია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის საქმეში არსებულ ბრალდების მხარის მტკიცებულებაზე ისაუბრა. მან დეტალურად აღწერა იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის შემადგენლობა და სიმძლავრე, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა. ადვოკატმა ბრალდების მხარე მტკიცებულებების გაყალბებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილი F1 ტიპის ასაფეთქებლით არ აუფეთქებიათ. ჯოგლიძე მიიჩნევს, რომ საქმეში მტკიცებულებად არსებული ფალია შემთხვევის ადგილზე ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ მიიტანეს.
„აღნიშნული F1 ტიპის ხელყუმბარა მსხვრევადი ტიპისაა, რომელსაც მომაკვდინებელი ძალა აქვს. ის ფალია, რაზეც დღეს სახელმწიფო ბრალდება აპელირებს, იყო ზედ, კორპუსთან მიბჯენილი. მისი წონა არის 600 გრამი. მისი სიგრძეა 13 სანტიმეტრი, დიამეტრი – 5,5 სანტიმეტრი, ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილია, რომელიც აღნიშნულ ხელყუმბარაში 60 – 70 გრამია. ამ ხელყუმბარას დაზიანების ძალა 200 კვადრატულ მეტრზე გააჩნია, აგრეთვე გატყორცნილ ხელყუმბარას შეიძლება 10-11 მეტრში ძვრებოდეს ფალია, მაგრამ ამ შემთხვევაში გატყორცნასთან ადგილი არ გვქონია და, შესაბამისად, იქ არათუ დნმ-ის კვალს, არამედ ფალიასაც ვერ აღმოაჩენდნენ“, – აღნიშნა სოსო ჯოგლიძემ.
ადვოკატის თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აფეთქება ხელყუმბარა F1-ის შედეგად მოხდა, თუმცა, მისი თქმით, თუკი ასაფეთქებელი რუსული წარმოებისაა, მას მასზე დატანილ ნომერსა და სერიაში ლათინური ასოები არ ურევია. ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში აღმოჩენილ ასაფეთქებლის ფალიაზე, ჯოგლიძის თქმით, სერია ლათინური ასოებით არის მითითებული, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ხელყუმბარა ჩეხური ან ისრაელის წარმოების და სასწავლო დანიშნულებისაა. „იური ვაზაგაშვილი იმ ხელყუმბარით არ არის აფეთქებული რომელიც საქმეში დევს. ეს მერე დადებულია. ხელყუმბარის ფალია აფეთქების ადგილას მიიტანეს. რადგან F1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში, გარშემო არაფერი დარჩებოდა. აფეთქება შეიძლება დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც შესაბამის სპეციალიზებულ დანაყოფებს გააჩნიათ“,- განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები