მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლს უმასპინძლა.
თავდაცვვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, ელჩის პოლიტიკური მრჩეველი კრის გაფი და თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერი დაესწრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის როლს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ პერიოდულად მიმოვიხილავთ თანამშრომლობის პროცესს. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ბრიტანულ მხარესთან. გამოვყოფდი განათლების სფეროს – აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთობლივი სწავლებების ჩატარებისა და ორგანიზების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაზე ბრიტანეთი სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. გვაქვს ბევრი გაცვლითი შეხვედრა, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი. შესაბამისად, აუცილებელი და საჭიროა, რომ პერიოდულად მსგავსი შეხვედრები მოვაწყოთ და ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები განვიხილოთ“, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამხვილა ყურადღება: “შეხვედრის მიზანი გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. საშუალება მომეცა დამედასტურებინა, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის ჩართვა ნატოს ძირითად ჯგუფში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის საფუძველზე შეიქმნა.
დიდი ბრიტანეთი ნდობის ფონდისთვის ფინანსურ დახმარებაშიც ჩაერთვება, რომელიც თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ოპერაციებისთვის შეიქმნა. ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვა გეგმებზეც ვისაუბრეთ. გაერთიანებულ სამეფოში სამხედრო კურსებზე ქართველი სამხედროები იღებენ მონაწილეობას. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტებიც. ივნისში საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორის ვიზიტი იგეგმება. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები