პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ჩაიშალა
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ჩაიშლილად გამოცხადდა, რადგან მესამე რეგისტრაციის დროს ტაბლოზე 68 დეპუტატის ხმა დაფიქსირდა, კვორუმი 76 იყო და რეგისტრაცია ჩაშლილად გამოცხადდა.
როგორც რეგისტრაციის დასრულების შემდეგ უსუფაშვილმა განაცხადა, დღევანდელი პლენარული სხდომა არ შედგება.
„დღევანდელ სხდომაზე სერიოზული საკითხები უნდა განგვეხილა. მათ შორის ის კანონპროექტი იყო, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე დეპუტატმა რეგისტრაცია არ გაიარა, რისი უფლებაც მათ აქვთ და ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ,“ -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რეგისტრაციის დაწყებამდე დეპუტატებს განუმარტა, რომ რეგისტრაციის გავლის ვალდებულება დეპუტატებს არ აქვთ, თუმცა რეგლამენტი პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, სხდომა არ ჩატარდეს. უმრავლესობა ოპოზიციას ადანაშაულებს, რომ მათ საბოტაჟს მიმართეს, ოპოზიცია კი განმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ სხდომის დაწყების წინ რეგისტრაცია არ გაიარონ.