დავით შავლიაშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, პირველ მოადგილესთან – გიორგი ამაშუკელთან ერთად, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ბაქო), აქსელ ვეჰს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების პირველმა პირმა აქსელ ვეჰს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხები, თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პერსპექტივები.
ავსტრიის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ისაუბრეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და მიმართულებებზე.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იგეგმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.