„ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ მის მიმართ კითხვები არ არსებობს“
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია.
“ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ ვარ კომპეტენტური, თუმცა ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანის მიმართ კითხვები არ არსებობს ან შესაბამისი ნივთმტკიცებულებები არ გააჩნია პროკურატურას”, – განაცხადა კალაძემ
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში აღარ ფიგურირებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, 2015 წლის 9 აპრილს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი მიიღო, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გაუქმდა.
ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა.
უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას გეგმავს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე შუამდგომლობით 2013 წლის 10 იანვარს მიმართა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მიიჩნია, რომ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის კონსტიტუციას სრულად შეესაბამებოდა და 2013 წლის 14 ნოემბერს მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს მთავრი პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზებას ედავება.