გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან ინარა მურნიეცესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში.
გიორგი მარგველაშვილმა ინარა მურნიეცესთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ყურადღება იმ ნაბიჯებზე გაამახვილა, რომელიც საქართველომ ამ პროცესის დასაჩქარებლად გადადგა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო, რომელიც რიგაში 2015 წლის მაისში გაიმართება.
სახელმწიფოს მეთაურმა და დელეგაციის წევრებმა პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლატვია საქართველოს მიმართ იჩენს და აღნიშნეს, რომ ლატვიის საეიმამ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა.
ინარა მურნიეცემ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლატვია ყოველთვის იქნება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონალური თანამშრომლობის, მათ შორის სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე აღნიშნა, მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ე.წ. „ხელშეკრულებასთან” დაკავშირებით, ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ 2014 წლის 24 ნოემბრის მიღებული დამგმობი განცხადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები