საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკაზეც იმსჯელეს. მარგველაშვილის განცხადებით, ანდრის ბერზინშთან შეხვედრისას საუბარი შეეხო თბილისში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო კავშირებისა და ხალხებს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას.
„შეხვედრის დროს მივაწოდე ლატვიის პრეზიდენტს ინფორმაცია იმ სირთულეებზე, რაც არსებობს ჩვენს რეგიონში. ასევე ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომელსაც ქმნიან ის ეგრეთ წოდებული “ინტეგრაციისა და მეკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებები”, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო რეჟიმებთან გააფორმა და, რაც რეალურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციისას აღნიშნა, საუბარი შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც.
„უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავისუფალი არჩევანის დაცვა არის საერთო ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კარგად ესმით ჩვენ ლატვიელ მეგობრებს და იმედი გვაქვს, რომ გააზრება და გაგება ჭეშმარიტების სულ უფრო აქტიური იქნება ჩვენს ყველა ევროპელ პარტნიორს შორის. ჩვენ არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ კრიზისებზე, არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სირთულე წარმოიქმენება“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო, რომელიც რიგაში 2015 წლის მაისში გაიმართება.
„უმნიშვნელოვანესი ფორმატია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის გაღრმავება. მაისში განხილული იქნება სწორედ რიგაში, სწორედ იმ ქვეყანაში, რომელსაც ზუსტად, ზედმიწევნით ესმის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა, საქართველოს განსაკუთრებული მისია, რომელიც ჩვენ გვაკისრია ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ ერთაოჯახის მომავალში. იმედი მაქვს, რომ რიგაში ადეკვატურად სწორად დაიგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და მათ შორის საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ლატვიელ კოლეგასთან მეგობრულ ურთიერთობაზე და მას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული არჩევანის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ლატვიის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ქართულ-ლატვიური მჭიდრო ურთიერთობების დასტური და ნათელი მაგალითი იყო. ანდრის ბერზინშის განცხადებით, ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნიშანდობლივია, რომ სწორედ ლატვია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მოხდა ხელშეკრულების რატიფიცირება. ლატვიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ღირსეულად წარსდგება რიგის სამიტზე.
როგორც ანდრის ბერზინშმა აღნიშნა, ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს. პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ქართველი და ლატვიელი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლებიც მაისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს, კერძოდ საქართველოს მოლოდინსა და ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივებს შეეხებოდა. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებით და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები