კახა კალაძე – არის მომენტები, როცა მდუმარებით დანაშაულის თანამონაწილე ხდები
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ასირიელი ქრისტიანების ტრაგედიის აღსაკვეთად.
“ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
სამწუხაროდ, უტოპიაა ომის, მტრობის, ტერორიზმის გარეშე ჩვენი ცივილიზაციის არსებობა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ, ყველა სახელმწიფომ თუ სულიერმა ლიდერმა და ხელმძღვანელმა, ყველა კეთილი ნების და შეგნების ადამიანმა – კონფესიის და პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, უნდა აიმაღლოს ხმა ამ საშინელების წინააღმდეგ და მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ასირიელი ქრისტიანების ტრაგედიის აღსაკვეთად.
არის მომენტები, როცა პოლიტიკა, გეოგრაფიული მდგომარეობა, საკუთარ სახლში მშვიდად ყოფნა მეასეხარისხოვანია და მდუმარებით დანაშაულის თანამონაწილე ხდები!”, – აცხადებს კახა კალაძე.