თეა წულუკიანი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რომელმა ქვეყანამ მისცა ადეიშვილს თავშესაფარი
საქართველოს იუსტიცის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, თუ რომელმა ქვეყანამ მისცა თავშესაფარი იმ ადამიანს, რომელსაც საქართველოსთვის ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული. საუბარია ზურაბ ადეიშვილზე. ამასთან, წულუკიანმა ისიც განაცხადა, რომ როდესაც ესა თუ ის ქვეყანა ადამიანს თავშესაფარს აძლევს, ეს პროცედურა მოცემულ ქვეყანაში არის დაცული და არ არის საჯარო.
“აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ ვიცით, თუ რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს და, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი და დაიცვა ადამიანი, რომელსაც, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანი წითელ ცირკულარში ყოფილიყო შეტანილი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არის ქვეყანა, ვინც თავშესაფარი გასცა და მოახსნევინა ინტერპოლს ადეიშვილი ძებნიდან. ის წერილი, რომელიც ინტერპოლისგან არის მიღებული, სწორედ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თავშესაფრის სტატუსის გამო მოხსნილია ეს ადამიანი ძებნიდან”, – განაცხადა წულუკიანმა.