ვენაში საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრესი განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა ვიზიტი ვენაში განხორციელდა.
საგარეო საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათი სათანადო მხარდაჭერის მოპოვება.
ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს და ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ავსტრიულ მხარეს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებისა და ევროკავშირის სტანდარტების თანახმად ცალკეული მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიგრაციის მართვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის გადაკვეთის რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებსა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა სამინისტროს გენერალურ მდივანთან მიხაელ ლინჰარდტთან. ავსტრიული მხარე დადებითად გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროინტეგრაციის პროცესში ქართულ მხარეს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის აუცილებელი პროცედურების მიმდინარეობა, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.
საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძე.