ლევან იზორია: მოწოდება – “დავამხოთ ხელისუფლება” დასჯადი ქმედება არ იქნება
მოწოდება – “დავამხოთ ხელისუფლება” დასჯადი ქმედება არ იქნება, – აღნიშნული განმარტება “სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. როგორც იზორია განმარტავს, კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ყველა დაცულია, მთავარია, მან არ მიიღოს აგრესიულ ფორმასა და ძალადობაში გადაზრდის სახე.
“მოწოდება “დავამხოთ ხელისუფლება” წარმოდგენილი პროექტის გათვალისწინებით დასჯადი ქმედება არ იქნება. ამ შემთხვევაში საუბარია ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებაზე. კერძოდ, აუცილებელია ერთმანეთისგან ორი რამ განვასხვავოთ: – ამ განსხვავებას კი კარგად განსაზღვრავს კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”, რომლითაც არის განსხვავება აზრსა და მოწოდებას შორის. აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. აქედან გამომდინარე რა აზრიც გაქვთ, მისი აბსოლუტური გამოხატვის თავისუფლება გაგაჩნიათ. რაც შეეხება მოწოდებას, ის დაცულია არა აბსოლუტური პრივილეგიით, არამედ ე.წ. კვალიფიციური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მისი შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მოწოდების გაკეთებისას პასუხისმგებლობაზე საუბარია მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
პარლამენტი პირველი მოსმენით მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს, რომლის ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პასუხისმგებლობას ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის ითვალისწინებს. კერძოდ, დასჯად ქმედებად განისაზღვრება “ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს”.