დავით უსუფაშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ასტრიდ თორსს იმ რეკომენდაციებისთვის გადაუხადეს მადლობა, რომელიც ეუთოს უმაღლესმა კომისარმა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოადგინა. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, ქართულ მხარეს რეკომენდაციები კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
„განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის დღის წესრიგშია. ვისაუბრეთ კანონპროექტზე „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომლის განხილვაც პირველი მოსმენით უკვე შესაბამის კომიტეტზე მოხდა. შევეხეთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ საკითხებს და ასევე, ინტეგრაციის სტრატეგიას, რომელზეც მთავრობა მუშაობს“,- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ასტრიდ თორსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები