ღარიბაშვილი: მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს და იქ მცხოვრები ახალგაზრდების სირიაში გადასვლის ფაქტს ეხმაურება. პრემიერის თქმით, მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია და აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში. მისივე თქმით, საქართველო გამონაკლისი არ არის.
„მე აღარ მინდა პარალელი გავავლო წინა და ჩვენს მთავრობას შორის, თუ რა პოლიტიკა ვრცელდებოდა. მე ერთ მაგალითს შევახსენებ მოსახლეობას – ლაფანყურის სპეცოპერაცია სწორედ წინა მთავრობის უგუნური პოლიტკის შედეგი იყო, შეიარაღებული ჯგუფები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ თუნდაც სოჭის ოლიმპიადის დროს მთელი ეს ტერიტორია აბსოლუტურად გაკონტროლებული გვქონდა. ეს არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი და მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია, როგორ უნდა აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა პანკისში მიმდინარე მოვლენების გამო მწუხარება გამოთქვა და სირიაში წასული ახალგაზრდების ოჯახებს მიმართა, რომ იგი მომხდარს განიცდის.