რატომ იკამათეს დავით უსუფაშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და ეკა ბესელიამ?

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების გამო, პარლამეტის თავმჯდომარე და დეპუტატი ეკა ბესელია შეკამათდნენ. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეკა ბესელიას მოუწოდა, რომ კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს. ბიუროს სხდომაზე ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, რომ საკითხის დაჩქარებული წესით მიღება განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც 1-ლი მაისიდან უნდა ამოქმედდეს.
“ამ კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ვითხოვთ. კანონპროექტის საბოლოო რედაქცია შეთანხმებულია შსს-თან და პროკურატურასთან, რომ პრობლემები არ წარმოიქმნას. საკითხის განხილვა ამ კვირაში უნდა დავასრულოთ”, – აღნიშნა ხმალაძემ სხდომაზე.
ვახტანგ ხმალაძის განმარტებას ეკა ბესელია გამოეხმაურა, რომელიც დაინტერესდა, თუ რატომ ხდება საკითხის დაჩქარებული წესით მიღება. დეპუტატების კამათში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ჩაერთო. მან დეპუტატებს საკითხის ირგვლივ მსჯელობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
“ყველა შემთხვევაში, საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა დავიწყოთ. განხილვის პროცესში ვნახოთ, თუ რაიმე გადაულახავი პრობლემა იქნება, ან თუკი საჭირო იქნება რიგგარეშე სხდომა, მოვიწვიოთ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უნდა შევწყვიტოთ. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და უფრო ადრე უნდა გვენახა. ახლა რა ვქნათ, ამ პროექტზე არ ვიმუშავოთ? ქალბატონო ეკა, გვთავზობთ, რომ ამ პროექტზე არ ვიმუშაოთ? ვადები ათასჯერ აგიხსენით. განხილვა დავიწყოთ და თუკი მოსწრებადი არ არის, საკითხზე მომავალ კვირასაც ვიმსჯელებთ. საკითხის განხილვა აქამდე რატომ არ დაიწყო, ეს კითხვა მაქვს ყველასთან, ვისაც ეს საქმე ეხება? ძალიან გთხოვთ, კომიტეტის სხდომას დავესწროთ, ვისაც ეს ეხება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ეკა ბესელიამ უსუფაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ კომიტეტს კანონპროექტი არ განუხილავს. “რატომ აქამდე არ მოხდა ამ კანონპროექტის შემოტანა ჩვენთან, ასე შემჭიდროებულ ვადაში რომ ხდება მისი მიღება? – იკითხა ბესელიამ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები