„ნდობის ჯგუფში დეპუტატ გივი თარგამაძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს“

“ნდობის ჯგუფში პარლამენტის წევრს გივი თარგამაძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს”, – ეს გადაწყვეტილება ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” ხელმძღვანელობამ მიიღო. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აღნიშნულის თქმის საფუძველს 2015 წლის თებერვალში მედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი იძლევა, რომელიც პოლიციის თანამშრომლის გივი თარგამაძესთან თანამშრომლობას შეეხებოდა.
“ვიდეოჩანაწერის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, სავარაუდოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით მოიპოვა პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის საზღვრის კვეთის ამსახველი ვიდეომასალა, რაც შემდგომ მან პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეს გადასცა.
“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” მიერ შესწავლილი ფაქტებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ: 1. ვიდეომასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პირმა, რომელმაც სცადა საზღვრის გადაკვეთა, დაკავებულია. 2) პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის განცხადება, რომ აღნიშნული მასალა მან მოიპოვა, როგორც ნდობის ჯგუფის წევრმა, არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გივი თარგამაძის პირვანდელ განცხადებაში საზოგადოების წევრებს შთაბეჭდილება დარჩათ, რომ კონკრეტული პირის დაკავებას ადგილი არ ჰქონდა, ვინაიდან მან დატოვა საქართველოს ტერიტორია.
ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ პარლამენტის წევრის მიერ მიზანმიმართულად მოხდა მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. მოგეხსენებათ, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: გივი თარგამაძე, ირაკლი სესიაშვილი, ზურაბ აბაშიძე, დავით საგანელიძე, ზვიად ძიძიგური. აღნიშნული ინსტიტუტი თავისი საქმიანობით წარმოადგენს იმ პირთა ჯგუფს, რომლებსაც მიუწვდებათ ხელი სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე, რაც თავისი არსით მნიშვნელოვანად აძლიერებს ამ პირთა პასუხისმგებლობას. დღეს არსებული რეგულაციით ნდობის ჯგუფის წევრების არჩევას კენჭისყრა არ სჭირდება და ჯგუფი შემდეგნაირად კომპლექტდება: როდესაც პარლამენტი ცნობად მიიღებს შესაბამისი კვოტებით წარდგენილ კანდიდატებს, პლენარულ სხდომაზე ხდება მათი დამტკიცება. თუმცა პარლამენტისთვის წარდგენამდე, აუცილებელ პირობად რჩება ის წინაპირობა, რომ კანდიდატებმა უნდა გაიარონ სპეციალური შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად. ამ რეგულაციის თანახმად, მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მოხდეს ხელახლა პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის მიმართ სპეციალური შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად. ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” მოუწოდებს შესაბამის უწყებას მოახდინოს კანონით გათვალისწინებული ქმედებები, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად”, – აცხადებენ “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები