დავით სუჯაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ინფორმაციით, შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
„საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი მიზანი, ეს არის მნიშვნელოვანი და რთული გზა. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება უსაფრთხოების კუთხით და მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებით, რადგან ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება და მათი ჩართულობა არის ძლიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა.
„ჩვენთვის როგორც ნატოს სამეკავშირეო ოფიცრებისთვის – ალიანსის წარმომადგენლობისთვის ძალიან საინტერესოა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. მოცემულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესზე, მისი გაყოფის შედეგებზე, ასევე ეროვნული უსაფრთხოების ორგანიზაციულ საკითხებზე. რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ მხარდაჭერა და სურვილი გამოვთქვით ერთობლივად ვიმუშაოთ მიმდინარე რეფორმების საკითხებზე, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან. ეს იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი შეხვედრა და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად დავეხმაროთ თქვენს ორგანიზაციას მიმდინარე პროცესებში“,- განაცხადა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.