„საქართველოდან ბოლო პერიოდში წასული 16 და 18 წლის ახალგაზრდები ერაყისა და სირიის სამხედრო შენაერთებში გაანაწილეს“
„საქართველოდან ბოლო დროს წასული 2 ახალგაზრდა უკვე სირიისა და ერაყის სამხედრო შენაერთებში გაანაწილეს“, – აღნიშნული განცხადება ექსერტმა ვახტანგ მაისაიამ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. როგორც მაისაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ახალგაზრდებმა უკვე ისლამური ხალიფატის დროშის ქვეშ ფიციც დადეს.
„საქართველოდან ბოლო პერიოდში წასული 16 და 18 წლის ახალგაზრდები, როგორც მათი ფოტოდან ჩანს, სამხედრო შენაერთებში უკვე გაანაწილეს. ისინი უკვე კარგად მომზადებული მეომრის ეკიპირებას წარმოადგენენ. მათ ემჩნევათ იარაღის ფლობის ელემენტები. მათი სპეციფიკური უნიფორმიდან ჩანს, რომ ერთი სირიაში რჩება, მეორე კი ერაყში გადადის. ერთს აცვია ფორმა, რომელიც სირიაში გამოიყენება, მეორის სამხედრო ფორმა კი ერაყში გამოიყენება. იარაღის ტიპიც შესაბამისი აქვთ. ხოლო ფოტოზე მათ მიერ მაღლა აწეული საჩვენებელი თითი ნიშნავს იმას, რომ მათ ისლამური ხალიფატის დროშის ქვეშ ფიცი უკვე დადეს“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ მათი საქართველოდან წასვლის შესახებ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს რამდენიმე კითხვით მიმართა.
„როგორ მოახერხეს მოზარდებმა პანკისიდან თბილისში ჩაღწევა? ვინ უწევდა მათ კოორდინაციას სატრანსპორტო გზით გადაადგილებისას? ვინ ახორციელებდა მათ იდეოლოგიურ დამუშავებას და გადმობირებას? ვინ უზრუნველყო მათთვის ფულის მიცემა და ყალბი საბუთების გადაცემა? ვინ და როგორ მიაწოდა მათ თვითმფრინავის ბილეთები თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით? ვინ დახვდა მათ სტამბოლის აეროპორტში და ვინ უზრუნველყო მათი ესკორტირება თურქეთ – სირიის საზღვარზე, როგორ მოხდა მათი მეორე მხარეს გადაყვანა? ვინ არიან ის პიროვნებები, რომლებიც თბილისში ისლამური ხალიფატის ქსელს წარმოადგენენ?“- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ მის მიერ დასმულ კითხვებზე საქართველოს სპეცსამსახურები პასუხებს გასცემენ.