„ისლამური ხალიფატის ჯგუფები საქართველოში შიდა და ქვემო ქართლში, აჭარაში, პანკისში და ახლა უკვე აფხაზეთშიც მოქმედებენ“
„ისლამური ხალიფატის ჯგუფები საქართველოში შიდა და ქვემო ქართლში, აჭარაში, პანკისში და ახლა უკვე აფხაზეთშიც მოქმედებენ“,- აღნიშნული განცხადება სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მაისაიას განმარტებით, ისლამური ხალიფატის სპეცსამსახურმა კავკასიის რეგიონზე სპეციალური ჯგუფი მიამაგრა, რომელიც იდეოლოგიის და ახალი მეომრების გაწვრთნაზე მუშაობს.
ექსპერტი პანკისიდან ორი ახალგაზრდის სირიაში წასვლის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ეს ისლამური ხალიფატის მიერ ღია დემონსტრირება და ხაზგასმა იყო იმისა, რომ ისინი საქართველოშიც მოქმედებენ.
„ისლამური ხალიფატის ჯგუფები მრავლად არიან მთლიანად კავკასიის რეგიონშიც და უშუალოდ საქართველოშიც. ეს ჯგუფები ქვემო და შიდა ქართლში, პანკისში, აჭარაში და აფხაზეთში არსებობენ. აფხაზეთში ისლამური ხალიფატის ემისრები და მათი დამქაში ჯგუფები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში სირიელი ლტოლვილთა საფარქვეშ მოქმედებენ. ყველა ამ ჯგუფს ერთმანეთთან სერიოზული კოორდინაცია აქვთ, ერთიან იატაკქვეშა ქსელს ქმნიან და უშუალოდ ისლამურ ხალიფატს ემორჩილებიან. მათი მომზადების დონე უკვე საკმაოდ მაღალია და შესაძლოა, აქტიურ მოქმედებებზეც გადავიდნენ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პანკისიდან სირიაში 2 ახალგაზრდის გამგზავრება სპეციალურად დაგეგმილი ყოფილიყო. შეიძლება ეს პროპაგანდისტული ტიპის ოპერაცია იყო, რომელიც ისლამური ხალიფატის სპეცსამსახურმა მუხაბარატმა შეასრულა. მუხაბარატმა კავკასიაზე სერიოზული ჯგუფი მიამაგრა. ამ სპეცსამსახურის სათავეშიც ეროვნებით ქართველია, რომელმაც 96 წელს ჩრდილო კავკასიაში – ჩეჩნეთში არსებული სპეციალური მომზადების ინსტიტუტი „კავკაზი“ დაამთავრა. მათ ამით უნდოდათ ერთგვარად ეჩვენებინათ, რომ ისინი უკვე საქართველოს ტერიტორიაზეც მოქმედებენ“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.