ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე ქართველების არშეშვების მიზეზებს ხსნის
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე საქართველოს მოსახლეობის არშეშვებას საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის აუცილებლობას უკავშირებს.
როგორც სააგენტო „რესს“ ცხინვალის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე ხოხ გაგლოითიმ განუცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ ისაუბრა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების აუცილებლობაზე. თუმცა, შერეული კომისიის შეხვედრებზე ამ საკითხების მოსაგვარებლად კონკრეტული საბუთები წარმოდგენილი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღდგომის წინა დღეებში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყებამ ცხინვალის მხრიდან აღდგომის დღესასწაულის დღეებში ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ თავისი წინაპრების საფლავების მონახულებაზე თანხმობა ვერ მიიღო.