“გასარკვევია, თუ რატომ ამოიღო ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიიდან”

გასარკვევია, თუ რატომ ამოიღო ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიიდან, -ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ინტერპოლის მიერ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღების გადაწყვეტილებას.

“პროკურატურის დამსახურებაა, რომ შეიქმნა საქმე, რომლის გამოც ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი. ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კიდეც ძებნილი. გარკვევა სჭირდება, თუ რატომ ამოიღეს ადეიშვილი ძებნილთა სიიდან. თუკი ეს ვერ გაირკვა და ვერ ივაჟკაცეს, მაშინ შეიძლება პროკურატურის სისუსტეზე ვისაუბროთ. ასეთი პიროვნება უნდა იძებნებოდეს”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. ინტერპოლს კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია. იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედში” უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები