ირაკლი ღარიბაშვილი დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრისა და დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი თემები, საქართველოს ევროპული გზა, თანამშრომლობა ნატოსა და ევროკავშირთან და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივები იყო. “საქართველოს მარტინ ლიდეგორდმა, მარგოთ ვოლსტრომმა და გჟეგოჟ სხეტინამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან წევრ სახელმწიფოს, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში.
პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, რადგან ის საერთო ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელიც თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს – თბილისის დეკლარაციას აფუძნებს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას გულისხმობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმებთან მოკავშირეობის შესახებ ე.წ შეთანხმებების გაფორმებას და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმ ქვეყნებთან, რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს სტუმრობენ“,-ა ღნიშნულია ინფორმაციაში.